შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე (სსკ 332-ე მუხლი) ორი პირი დააკავეს.
🔹 გამოძიების მიხედვით:
შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა ოთხ მოქალაქეს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დანაშაულთან კავშირში არ იყვნენ. მან სამსახურებრივი ძალაუფლების გამოყენებით მათგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. მოქალაქეებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და იძულებულნი გახდნენ ბრალდებულისთვის დიდი რაოდენობით ხის მასალა გადაეცათ.
🔹 ასევე დადასტურდა, რომ:
შუახევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ პირადი კოტეჯების ასაშენებლად სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტოტრანსპორტს სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის. დავალებებს ის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს თანამდებობრივი გავლენით აძლევდა.
🔹 საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.
საქმეზე გამოძიება დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით გრძელდება.