შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა – ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაკავებულთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შენახვა ედება ბრალად.
საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ავრცელებდნენ, ხშირად – ე.წ. ქეშების ფორმით.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-PVP, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, მარიხუანა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
დარახველიძის თქმით, აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მელიქიშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირიდან მხოლოდ ერთს რჩება გირაო
ბრიფინგზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია 8–9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაზარალებული აქტივისტების მხრიდან თანამშრომლობის არქონის გამო, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გათავისუფლდა.
მესამე პირის მიმართ, რომელსაც ნივთის დაზიანება ედება ბრალად, სასამართლომ გირაოს შეფარდება განიხილა და ის რამდენიმე საათში პატიმრობიდან გათავისუფლდება.