შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა – ალილო გაიმართა
საზეიმო მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.
ალილოში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, სასულიერო პირები, ეკლესიის მრევლი და მოქალაქეები.
ქრისტეს შობის მახარობლებმა საშობაო გალობის თანხლებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმღერეს და სხვადასხვა სახის ნობათი შეაგროვეს, რომელიც შემდგომში სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
ალილო საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა და მისი ისტორია V–VI საუკუნეებს უკავშირდება. ტრადიციული მსვლელობა ქრისტეს შობის სიხარულის გაზიარებასა და ქველმოქმედებას ემსახურება.