მარნეულში ოქროულობის მაღაზიაში მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებული პირი საზღვარზე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები განახორციელეს, რის შედეგადაც ის დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ქართული და თურქული სამართალდამცავი უწყებები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მჭიდრო და ნაყოფიერ პარტნიორობას აგრძელებენ, რომლის ფარგლებში არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულია გახსნილი.