,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა”-ირაკლი კობახიძე

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევეს – რაც გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება კვლავ სასურველია.

„გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა. იგივე ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასაც, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები. წელს უკვე მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა.

ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ბატონი მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან.

ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა. თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading