შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტრა-ამერიკული საგადასახადო ადმინისტრაციათა ცენტრის (CIAT) რიგით 59-ე გენერალურ ასამბლეაში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა, დავით ჩიტაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართულ ინტრა-ამერიკული საგადასახადო ადმინისტრაციათა ცენტრის (CIAT) 59-ე გენერალურ ასამბლეაში.
სამუშაო სესიებისა და თემატური განხილვების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე რეფორმებს და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, შეხვედრა გამართეს CIAT-ის აღმასრულებელ მდივანთან – მარსიო ვერდისთან და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან – გონზალო არიასთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ორგანიზაციის საქმიანობაში შემოსავლების სამსახურის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს.
გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს CIAT-ის წევრი და ორგანიზაციის პარტნიორი საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: საგადასახადო ადმინისტრაციის გაციფრულება, დეკლარაციების წინასწარი შევსების მექანიზმების დანერგვა, ციფრული მომსახურებების დაბეგვრის პირობები და სხვა.
CIAT არის ერთ-ერთი ძლიერი ტექნიკური რესურსების მქონე რეგიონული საგადასახადო ადმინისტრაციათა კავშირი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივითა და მხარდაჭერით 1965 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის საქმიანობაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები მსოფლიო ბანკი (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), განვითარების საერთაშორისო ბანკი (IDB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და სხვა საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციები და პარტნიორები.




