„ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს. ჩვენი მიზანია ღვთის მარადიული ნათლის მიღება და მისი გამოჩენა ჩვენს გულებში“-მეუფე შიო

ფერისცვალების დღესასწაული ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო(მუჯირი)  ამბობს: „ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს. ჩვენი მიზანია ღვთის მარადიული ნათლის მიღება და მისი გამოჩენა ჩვენს გულებში.“

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა იესო ქრისტემ სამი მოწაფე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად და მათ წინაშე ფერი შეიცვალა – სახე მზესავით გაბრწყინდა, სამოსელი თოვლისფერი გახდა. მოციქულებმა დაინახეს მოსე და ილია, რომლებიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების გასვლაზე საუბრობდნენ.

მიტროპოლიტის სიტყვებით, ეს შუქი მხოლოდ მხედველობითი აღქმა არ იყო – ეს იყო ღვთაებრივი, მარადიული ნათლის გამოჩენა, რომელსაც ყველას შეუძლია განიცადოს. ფერისცვალების დღეს ტრადიციულად ტაძრებში ხილი კურთხევა ხდება, რაც სულიერი მადლისა და სიხარულის სიმბოლოა.

თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე, არ წასულა დედამიწიდან და ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. ამისთვის შეიძლება შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში, დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას.

,,კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.

ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს, გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები: „ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?“ და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ის და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ, მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ – განაცხადა მეუფე შიომ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading