ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ლონდონში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, 20-21 მარტს გამართულ WWTG-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე განხილული იყო ღვინით ვაჭრობის რეგულაციების და ელექტრონული სერტიფიცირების საკითხები.

მონაწილეებმა იმსჯელეს WWTG-ის როლზე უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ვაჭრობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ღვინის ეტიკეტირების მოთხოვნებზე.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებაა და საქართველოსთან ერთად, მისი წევრები არიან აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება.

„ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში, მსჯელობა გვქონდა სხვადასხვა სავაჭრო ბარიერზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს ამ ბარიერების გადალახვა. ლონდონში გამართული WWTG-ის შეხვედრა პროდუქტიული იყო; შესაბამისად, გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო მეტი ქართული უნიკალური და ხარისხიანი ღვინო გაიყიდოს საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს #WWTG საქართველო 2023 წლის 1 მაისიდან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით თავმჯდომარეობდა. წევრი ქვეყნების მხრიდან ქართული მხარის საქმიანობა დადებითად შეფასდა.

ინფორმაიას ღვინის ეროვნული სააგენტო  ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading