ქვემო ქართლში საძოვრების მართვის კანონპროექტის განხილვა გაიმართა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს კანონის პროექტის „საძოვრების მართვის შესახებ“ განხილვისა და კონსულტაციის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, სოფლების რწმუნებულები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) წარმომადგენლები.
კანონპროექტი მიზნად ისახავს დეგრადირებული საძოვრების აღდგენასა და მდგრადი მართვის უზრუნველყოფას. იგი მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კავკასიის RECC ახორციელებენ.
შეხვედრაზე განიხილეს კანონპროექტის ძირითადი მიზნები, მნიშვნელობა და საძოვრების მართვაში მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები.