ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი 4 საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მასშტაბური შემოწმება, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი იქნა 4 არალეგალურად მოქმედი რძის გადამმუშავებელი საწარმო.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ გააჩნდათ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი აღიარება, რაც ავტომატურად არღვევს სურსათის უვნებლობის და წარმოების სტანდარტებს.
ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის პროდუქცია:
- გ.კ. – სოფ. რატევანი: 150 ლიტრი რძე
- ც.მ. – სოფ. რატევანი: 530 ლიტრი რძე და 100 კგ სულგუნი
- ც.მ. – ქ. ბოლნისი, გრ. ხანძთელის N11: 500 ლიტრი რძე, 200 კგ-მდე ყველი/ნადუღი, 100 კგ სულგუნი, 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი, 5 ტომარა (125 კგ) რძის ფხვნილი
- პ.ა. – სოფ. რატევანი: 400 ლიტრი რძე და 70 კგ სულგუნი


აღნიშნულ პირებს წარმოება შეუჩერდათ და მათ მიმართ ადმინისტრაციული სანქციები იქნა გამოყენებული.
დღეისათვის, ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლად რეგისტრირებულია 251 ბიზნესოპერატორი, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად და სტანდარტებთან შესაბამის წარმოებას. თუმცა, გამოწვევად კვლავ რჩება არალეგალური ქვე-წარმოებები, რომელთა გამოვლენისთვის სააგენტო მუდმივ კონტროლს აწარმოებს ბაზარზე.
2024 წლის მონაცემებით, რძის სექტორში უკვე ჩატარებულია 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი, რომელთა შედეგად გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული საწარმო.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა მოახდინონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია.