ქვემო ქართლის რეგიონში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლის რეგიონში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო სარწყავი სისტემების მდგომარეობა, არსებული საჭიროებები და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. აღნიშნული მიმართულება, მხარეთა განცხადებით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს,“ – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მას „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.