სუს-მა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავეს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გ.კ..
სუს-ის ინფორმაციით, გ.კ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლის სანაცვლოდ 400 000 აშშ დოლარს სთხოვდა, საიდანაც წინასწარ გადაეცა 80 000 დოლარი. იგი გარანტიას იძლეოდა, რომ მიწის ნაკვეთებს არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადებით, უწყება კვლავ გააგრძელებს აქტიურ მოქმედებებს კორუფციის წინააღმდეგ.