სურსათის ეროვნული სააგენტო: ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია ჩუმლაყში მცხოვრები ერთი პირი

სოციალურ ქსელში ატმის შეღებვის ფაქტის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ჩატარებული მოკვლევის შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.).

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მოაწყვეს მოკვლევა და აიღეს ატმის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი.

სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სისტემატურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საკვები პროდუქტების მონიტორინგი. რეგულარულად მოწმდება ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული პესტიციდების, მძიმე მეტალების, რადიონუკლიდების და ნიტრატების შემცველობაზე.

კვლევის შედეგები საჯაროა და როგორც მედიასაშუალებებით, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (nfa.gov.ge) ხელმისაწვდომია.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას, რაც დამატებითი გარანტიაა უსაფრთხო და ხარისხიანი სურსათის უზრუნველყოფისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading