სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმი კურაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, უზბეკეთის სპორტის მინისტრი ადხამ იკრამოვი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 20 ქვეყნის 212 ათლეტი იღებს, საქართველოს ღირსებას კი 59 სპორტსმენი იცავს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობა 14 აპრილს დასრულდება.
ჩემპიონატის დაწყებამდე შალვა გოგოლაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, უზბეკეთის სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილეს.
ბათუმმა ასევე უმასპინძლა კურაშის ევროპის კონფედერაციის კონგრესს, რომელზეც გაიმართა კონფედერაციის აღმასკომის არჩევნები და შემუშავდა ოთხწლიანი გენერალური გეგმა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი კურაშის მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.




