სპორტის მინისტრი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის, ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ კლუბებისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული ჩემპიონატის განვითარების გეგმა და არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზები. ხაზი გაესვა საქართველოს ჩემპიონატის განვითარების 5-წლიანი გეგმის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც საქართველოს ფეხბურთს განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ.




