სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2005 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები შეაჯამა – დათვლილია ხმების 100%
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ყველა, 2005 საარჩევნო უბნის შედეგი შეაჯამა. დათვლილია ხმების 100%, რის შედეგადაც პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ გავიდა 49.81%-ით.
წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილი დაიკავა პრორუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ (23.29%), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ (9.94%). პარლამენტში ასევე მოხვდა გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 4% მიიღო.
წინასწარი გათვლებით, 105-წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- „სამოქალაქო კონტრაქტი“ – 61 მანდატი;
- „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი;
- „სომხეთი“ – 11 მანდატი;
- „აყვავებული სომხეთი“ – 5 მანდატი.
შედეგების მიხედვით, ფაშინიანის პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ინარჩუნებს და მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობას იღებს.