„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს, – კახა კალაძე
„ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა. ამიტომ მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით. ეს არის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6 000 ლარი უფინანსდება.
ჩვენ, პროგრამის დაწყებიდან, 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე, 812 შემთხვევა დავაფინანსეთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატოთ მზადყოფნა და თანადგომა იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, ვისაც აღნიშნული საჭიროება აქვს. შეგიძლიათ, ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ არსებული პრობლემა იყოს მოგვარებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.