თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში
„მინდა, თბილისის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენს სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე, ახორციელებს წარმომადგენლობას, როგორც სასამართლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში. გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს. ამ სერვისის მიღება შეგიძლიათ თბილისის ათივე რაიონში, გამგეობების სერვისცენტრებში.
ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა სტუდენტები აქ პრაქტიკულ, საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და ტრენერ-ადვოკატების დახმარებით, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა.