სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნარკოდანაშაულისთვის ორი თურქეთის მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს თურქეთის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ს.თ. და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
ბრალდებულებს ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა მათი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და აბები, მათ შორის: „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით.
საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.