სახელმწიფო რწმუნებულმა,ლევან ხარაბაძემ და რუსთავის მერმა,ნინო ლაცაბიძემ რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
ქვემო ქართლის მხარის ინფორმაციით -ქალაქ რუსთავში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ და რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად დაათვალიერა.
ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდის და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
,,პროექტის მიხედვით, ახალი საავტომობილო გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე ჯამში, 15 000 კვ/მ ფართობის ახალი გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც, სადაც 11 შიდა ეზოსა და შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 848 140 ლარია. ორივე პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წელს, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა. ამ ეტაპზე, კი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქალაქში 300-ზე მეტ ლოკაციაზეა აქტიური.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ, რუსთავში, მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისების ცენტრიც დაათვალიერა. მერმა, სახელმწიფო რწმუნებულს ის სერვისები გააცნო, რომლითაც რუსთავის მოსახლეობა მუნიციპალური სერვისების რეფორმის შედეგად სარგებლობს. საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი, რუსთავში 2023 წლის მარტში გაიხსნა. ცენტრის მომსახურებით, უკვე 140 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.




