საქსტატი: ინფლაციის ზრდას სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირება განსაზღვრავს
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2025 წლის მაისში წლიური ინფლაციის ძირითადი მიზეზი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირება გახდა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები საშუალოდ 10.1%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე დიდი გაძვირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – ფასები 26.3%-ით მოიმატა. ასევე საგრძნობლად გაძვირდა ზეთი და ცხიმი (20.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4%), უალკოჰოლო სასმელები (10.3%), პური და პურპროდუქტები (9.6%), შაქარი და ტკბილეული (8.7%). თევზეული 7.9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 7.1%-ით, ხორცი 3.6%-ით, ხოლო ხილი და ყურძენი 2.7%-ით გაძვირდა.
ჯანმრთელობის დაცვის კატეგორიაში ფასები 9.4%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის (8.4%) ფასები.
„სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების“ ჯგუფში ფასები საშუალოდ 6.7%-ით მოიმატა. განსაკუთრებით გაძვირდა პირადი ნივთები (18.2%), დაზღვევა (8.7%) და საფინანსო მომსახურება (5.4%).
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტის კატეგორიაში, სადაც ფასები 5.3%-ით შემცირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ფასების კლებას ხელი შეუწყო როგორც პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (-8.1%), ასევე სატრანსპორტო მომსახურების (-0.8%) გაიაფებამ.
მიუხედავად ტრანსპორტის ჯგუფში ფასების შემცირებისა, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებამ იქონია.
