საქართველოში უცხოელთა ყოფნის რეგულაციები იცვლება – ახალი კანონპროექტის დეტალები
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტებში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის რეგულაციების გამკაცრებაა. პროექტის თანახმად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელ სტუდენტებს ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ასევე, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალებათ უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო სისტემაში ასახვა. აღრიცხვის წესების დარღვევისთვის კი გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის ჯარიმები, უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა ან ავტორიზაციის გაუქმება.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე არეგულირებს სასწავლო ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებს. ნებართვა მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სრულწლოვან პირებზე გაიცემა. ამასთან, განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის გაუქმების საფუძვლებიც, მათ შორის აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობის, შრომითი პირობების დარღვევისა და ქვეყანაში ფაქტობრივი არყოფნის შემთხვევაში.
ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილი საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემას ეხება. შემოდის ახალი ტიპის ნებართვა – საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომლის გაცემამდეც ქორწინების ნამდვილობა სპეციალური კომისიის მიერ შემოწმდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ფიქციური ქორწინების კრიმინალიზაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მიღებას ემსახურება. კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა ან უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.
გარდა ამისა, ცვლილებები მოიცავს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, ხოლო მიგრაციულ საქმეებზე სასამართლო წარმოების ვადები და პროცედურები გამარტივდება.
შსს-ს განცხადებით, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად ისახავს საქართველოში უცხოელთა ყოფნის უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას.