საქართველოში გასამართი 2026 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლაშა ტალახაძესთან, ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი თურმანიძესა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან ერთად ქალაქ ბათუმში მურვან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე დაათვალიერა. სპორტული კომპლექსი 2026 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მინისტრმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა ბათუმში ჩასატარებელი კონტინენტის პირველობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაგეგმეს.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. ბათუმში ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა. ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს. 2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი – როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.




