საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ

ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემებში ჩართული 81 ადამიანი.

მინისტრის ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და „მეტამფეტამინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ლატვიის მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ საქართველოში შემოტანას ცდილობდა.

გარდა ამისა, თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორია, სადაც კუსტარულად ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე და ამოღებულია ნახევარ კილომდე „მეტამფეტამინი“.

პარალელურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 16 პირი, რომელთა ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური იარაღი, ასევე ხელყუმბარები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებები ორგანიზებულ, კორუფციულ და ნარკოდანაშაულთან მიმართებით უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და გააფრთხილა პოტენციური დამნაშავეები პასუხისმგებლობის გარდაუვალობის შესახებ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading