საქართველოს პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 პირს ბრალდება წარედგინა

გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, ასევე დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქაძეს ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა.

ამავე საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.
ბრალდება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლეს.

გამოძიების ვერსიით, 2020-2023 წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რამდენიმე იურიდიული პირის ბაზაზე თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მართავდა. ცენტრები რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე ოპერირებდნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებზე მოტყუებით ართმევდნენ თანხებსა და კრიპტოვალუტას.

პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანხები მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო-საფულეზე, შემდეგ კი ნაღდ ფულად კონვერტირდებოდა და გამოიყენებოდა როგორც ჯგუფის საქმიანობისთვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად.

ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, სხვა ბრალდებულებისთვის გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading