საქართველოს საზღვარზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. – დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ი.ი. დაკავებულ იქნა სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც იგი თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, თურქეთის რესპუბლიკიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოიყვანდა თანამემამულე უ.გ.-ს.
ორივე პირი დაკავებულია და მათ ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით განისაზღვრება და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია აწარმოებს.