პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების შესაძლო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქმე შეეხება თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებსა და სპორტულ მოედნებს, რომლებიც უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაშია.
დავით გურგენიძემ 17 ოქტომბერს მიმართა პროკურატურას განცხადებით, სადაც მიუთითა აღნიშნული ქონების შპს „საქართველოს უნივერსიტეტზე“ შესაძლო უკანონო პრივატიზების ფაქტებზე.
გამოძიება დაიწყო 24 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
- პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას ახორციელებს კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, ხოლო საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მიეწოდება.