საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის წესსა და ვადებს განსაზღვრავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები დაადგინა.
📌 ასაკობრივი ზღვარი
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
📌 რეგისტრაციის ახალი ეტაპი – „ტერიტორიული პრინციპი“
2026-2027 სასწავლო წლიდან რეგისტრაციის პროცესს ემატება მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რომლის მიზანია მოსწავლეების საცხოვრებელ მისამართთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის ხელშეწყობა.
ტერიტორიული პრინციპი გავრცელდება 12 ქალაქზე:
- თბილისი
- ქუთაისი
- ბათუმი
- რუსთავი
- ფოთი
- ზუგდიდი
- თელავი
- ამბროლაური
- ახალციხე
- ოზურგეთი
- მცხეთა
- გორი
თბილისის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს შეეძლებათ დარეგისტრირება მომიჯნავე უბნის სკოლაშიც, თუ ის საცხოვრებელი ადგილიდან არაუმეტეს 1 კილომეტრით არის დაშორებული.
🗓️ რეგისტრაციის ეტაპები
✅ I ეტაპი (18 თებერვალი – 2 მარტი, 2026)
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია.
დოკუმენტების წარდგენა: 4 მარტი – 17 აპრილი.
✅ II ეტაპი (21 აპრილი – 8 მაისი)
რეგისტრირდებიან ბავშვები:
- რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
- რომელთა მშობელი სკოლის თანამშრომელია;
- რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
✅ III ეტაპი (15 მაისი – 25 მაისი)
ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია (registration.emis.ge).
დოკუმენტების წარდგენა: 27 მაისი – 12 ივნისი.
✅ IV ეტაპი (15 ივნისი – 3 ივლისი)
საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.
დოკუმენტების წარდგენა: 6 ივლისი – 17 ივლისი.
✅ V ეტაპი (20 ივლისი – 31 ივლისი)
დარჩენილ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია.
📎 დადგენილ ვადებში დოკუმენტების არწარდგენის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
📄 ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები
- კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
- წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში – საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უცხოურენოვან დოკუმენტებს უნდა ერთვოდეს ოფიციალური თარგმანი ქართულ ენაზე.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს.