სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა სანდრო ბაზაძის სახელი – ქართველი მოფარიკავე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

თბილისის „არენაზე“ გამართულ ფინალში სანდრომ ფრანგი მეტოქე 15:9 დაამარცხა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია აჩუქა. ეს გამარჯვება უნიკალურია – მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა არა მხოლოდ საკუთარ კარიერაში, არამედ საქართველოსთვისაც.
საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაური ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც „თბილისი არენაზე“ გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი აბდელმონემ ელ-ჰუსეინი.
ღონისძიების მაღალი ორგანიზებისთვის ფედერაციის პრეზიდენტმა საპატიო მედლები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს. შეჯიბრებები მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ფორმატში – დაშნაში, რაპირასა და ხმალში.
- აღსანიშნავია, რომ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს წელს პირველად მასპინძლობს საქართველო და რა შეიძლება იყოს ამ ტურნირის უკეთესი სტარტი, თუ არა ქართველი სპორტსმენის გამარჯვება!

