ოჯახში ძალადობისა და სასამართლოს განჩინების დაუმორჩილებლობისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერი – დაამყარა კომუნიკაცია ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) და 381-ე პრიმა მუხლით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა) მიმდინარეობს.
