სამეგრელოში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა – სოფლის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაჯახოვში ძაღლმა მიმკედლებელი ადამიანი დაკბინა. ლაბორატორიული კვლევებით ცხოველს ცოფი დაუდასტურდა, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარის გამო სოფლის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ეს მოიცავს:
- ცხოველების ვაქცინაციას,
- დეზინფექციას,
- ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვას,
- უპატრონო ცხოველების მდგომარეობაზე ზედამხედველობას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2025 წლის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოფის 5 შემთხვევა უკვე გამოვლენილია.
სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად აცრან თავიანთი შინაური ცხოველები ცოფის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ დაავადების გავრცელება და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეები.
განცხადებაში ასევე მიმართულია ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამებს:
„გთხოვთ თავი შეიკავოთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან. ცხოველების სიყვარული უნდა გამოიხატოს მათი ჯანმრთელობისა და ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის გზით – რაც, კვლევების თანახმად, ვაქცინაციითა და პოპულაციის მართვით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.