სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს სამი პირი: 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს დაბადებული ა.ძ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, პისტოლეტი, ერთლულიანი შაშხანა, კაფსულ-დეტონატორები და ფეთქებადი ნივთიერება (ტროტილი).
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ისჯება და ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.