ისანში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ლ.ხ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული უწყობს ხელს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოიღეს 142 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“.
პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა ადგილზე განთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ლ.ხ.-ს, სავარაუდოდ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ჰქონდა დამალული.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით არის გამოძიების საგანი, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.