სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკოტიკების პარტია ამოიღეს – ამოღებულია 6 კილოგრამამდე „მეფედრონი“ და სხვა ნარკოტიკები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა. აღნიშნული ღონისძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე „ჰაშიში“ და 3 აბი და აბის ნატეხი „სუბოტექსი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.