მიგრაციის დეპარტამენტმა მასშტაბური ღონისძიებების შედეგად 97 პირი გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა, რაც წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით უპრეცედენტო მაჩვენებელია.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.