მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას. პრეზიდენტის თქმით, ფესტივალი, რომელიც მისი პატრონაჟით იმართება UNESCO-სთან თანამშრომლობით, თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საქართველოს პოზიციის განმტკიცებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის ძალისხმევითაც 12 წლის წინ ფესტივალი დაფუძნდა და დღემდე გამორჩეული კულტურული მოვლენაა, ხელს უწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას.
ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა დაათვალიერა იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰიროტაკე მაედას, ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასამართლოსა და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.