რუსთავში 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები შემაჯამებელ კონფერენციაზე წარადგინეს

გაიმართა რუსთავის მერიისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა. ღონისძიებაზე არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპის შედეგები და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები განიხილეს.

კონფერენციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქსა და შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე.

საველე კვლევის შედეგად აღმოჩენილია მრავალი არტეფაქტი, მათ შორის IX–X საუკუნის სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები — რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი. ეს არტეფაქტები ამიერკავკასიაში უნიკალურია. ასევე ნაპოვნია IX–X საუკუნით დათარიღებული მოჭიქული ჭურჭელი.

მასშტაბურ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდნენ პროფესიონალი არქეოლოგები, უნივერსიტეტის სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა. ექსპედიციას დიდი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ და საერთაშორისო მედიაში.

შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელს გაგრძელდება.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა. წელს რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გვაქვს. მომავალ წელს არქეოლოგიური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, — განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

კონფერენციას მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading