რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა 🌳

22 ოქტომბერს, რუსთავში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების მიზანი საზოგადოების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.
რუსთავის ცენტრალურ პარკში დაირგო ორმოცდაათზე მეტი ელდარის ფიჭვისა და ვერხვის ნერგი. დარგვის აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.

მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო აქტივობებსა და თემატურ თამაშებში, სადაც ბუნების მნიშვნელობასა და მწვანე სივრცეების დაცვაზე იმსჯელეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამთა დევდარიანის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოპასუხისმგებლობის განვითარებას და გარემოზე პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას.

მისივე განცხადებით, ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობების განხორციელებას მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, გარემოს დაცვის პროცესში აქტიური ჩართულობის მიზნით.
