რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს 20-მდე ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა უკანონოდ გადაკეტეს და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას გზის გახსნის შესახებ. სამართალდამცველების განმარტებით, მათ არაერთგზის გააფრთხილეს მომიტინგეები, თუმცა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით – ხულიგნობის ბრალდებით იქნა დაკავებული.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სხვა სამართალდარღვევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა პარლამენტის წინ აქცია კვლავ გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით აგრძელებენ მონიტორინგს.