რუსთავში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერი აქტივობა გაიმართა
რუსთავში ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების — „ოქსიგენ ფესტის“ ფარგლებში, ფარიკაობის სპორტულ-საინფორმაციო აქტივობა გაიმართა, რომელიც საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მხარდასაჭერად და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ 20-დან 30 ივლისის ჩათვლით, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საქართველო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავს ფარიკაობის კარგი სკოლა და მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტივობის ქალაქში ჩატარებას.
„ჩვენი ფესტივალის ფარგლებში დღეს ფარიკაობასაც ვუმასპინძლეთ და მხარდაჭერა გამოვხატეთ ჩვენი ნაკრების მიმართ. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულად წარსდგება მსოფლიო ჩემპიონატზე,“ — აღნიშნა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ფედერაციის ხელმძღვანელი მერაბ ბაზაძე და საქართველოს ნაკრების წევრები.
სპორტული აქტივობა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდებში სპორტის ამ მიმართულების გაძლიერებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას.




