რუსთავში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოსახლეობას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მერიის გუნდთან ერთად წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, დავალებით და რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია ქალაქების მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფა.

რუსთავის განვითარების გრძელვადიანი გეგმა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს და ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული „სმარტ ქალაქის“ კონცეფციის განხორციელებას.

სტრატეგია მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეების შექმნას, ჭალის ტყის განვითარების გრძელვადიან გეგმას, ტექნიკური წყლის სისტემის განვითარებას, ენერგოეფექტური და ეკომეგობრული ინიციატივების დანერგვას, ელექტროტრანსპორტის განვითარებასა და მუნიციპალური ციფრული პლატფორმების შექმნას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული ქალაქისა და ახალი სტადიონის მშენებლობას, ახალი სახელოვნებო სივრცეების შექმნას, ძველი რუსთავის რესტავრაციასა და ახალი ქალაქის მოდერნიზებას.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას განცხადებით, რუსთავში გამართული შეხვედრით რეგიონში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვების ეტაპი დასრულდა.

„მოსახლეობაში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც რუსთავში, ისე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მოქალაქეების მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დოკუმენტების საბოლოო ვერსიაში,“ – განაცხადა ილია ჯალაღანიამ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რუსთავის მოსახლეობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading