ბოლნისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა, რომელიც ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.


ახალი გადამტვირთავი სადგურის ამოქმედებასთან ერთად, ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის ეტაპობრივი დახურვის პროცესიც მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ნარჩენების განთავსების ძველი ობიექტის ძირითადი ნაწილი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დაიხურება.
ძველი ნაგავსაყრელიდან ფუნქციონირებას მხოლოდ ცხოველური ნარჩენების განთავსების სპეციალური უჯრედი გააგრძელებს, რომლის დახურვაც 2027 წლის ბოლოს იგეგმება.


ახალი ინფრასტრუქტურა რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვის სტანდარტების ამაღლებასა და მუნიციპალიტეტებისთვის უფრო ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.