რუსთავის ზაფხულის სპორტული აკადემია მოზარდებს სპორტულ-შემეცნებით გარემოს სთავაზობს

რუსთავის მერია ზაფხულის პერიოდში სპორტულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა „ზაფხულის სპორტული აკადემია“, რომელიც ივლისის ბოლომდე რუსთავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
პროექტში 7-დან 12 წლის ასაკის მოზარდები მონაწილეობენ. აკადემიის მიზანია ბავშვებში სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და აქტიური დასვენების ხელშეწყობა. – ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


„რუსთავის სპორტის სასახლემ ისეთი პროექტების დაგეგმვის ახალი შესაძლებლობები მოგვცა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში შეუწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაციას. ,,ზაფხულის სპორტული აკადემია” კიდევ ერთი ძალიან კარგი და წარმატებული პროექტია, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო ბევრ ბავშვს ჩართავს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
„ზაფხულის სპორტული აკადემია“ სპორტულ აქტივობებთან ერთად მოიცავს შემეცნებით შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან, საგანმანათლებლო გაკვეთილებსა და გასართობ პროგრამებს. ამ ეტაპზე აკადემია მეორე ნაკადს მასპინძლობს და 29 ივლისს დასრულდება.


სპორტულ ბანაკში ჩართულ მოზარდებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდნენ, სიგელები გადასცეს და სპორტულ-საგანმანათლებლო მუზეუმი დაათვალიერებინეს.
