რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, ოთხი მილიარდი შეადგინა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ამასთან, აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს ირაკლი ქარსელაძე.
„ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.კობახიძემ.