რა შეიცვალა საქართველოში 2026 წლიდან – ახალი რეგულაციები, ჯარიმები და სოციალური ცვლილებები


2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება, რომლებიც შეეხება როგორც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე ბიზნესს, სოციალურ პოლიტიკასა და რეგულაციებს.

🔴 მართვის მოწმობები
1-ლი იანვრიდან აღუდგებათ მართვის უფლება იმ მოქალაქეებს, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა მართვის მოწმობა სხვადასხვა დარღვევისთვის, მათ შორის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისა და ქულების ამოწურვის გამო.

🔴 მიწების რეგისტრაცია
წყდება მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა. 2026 წლიდან რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება და იქნება ფასიანი.

🔴 სკოლაში მიღების ასაკი
2026 წლიდან სკოლაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც 6 წელი ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

🔴 პირადობის მოწმობები
პირადობისა და ბინადრობის მოწმობებზე დაემატება QR კოდი და თითის ანაბეჭდი. ცვლილებები 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

🔴 უცხოელი ტურისტები
საქართველოში შემოსვლისას უცხოელ ტურისტებს სავალდებულოდ ექნებათ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევა არანაკლებ 30 000 ლარის ოდენობით.

🔴 პენსიები
იანვრიდან პენსია 370 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ პენსიონერები კი 495 ლარს მიიღებენ. მაღალმთიან რეგიონებში პენსია კიდევ უფრო გაიზრდება.

🔴 ხელფასების ზრდა
2026 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება, მათ შორის — პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურება.

🔴 ხმაურიანი ავტომობილები
ღამის საათებში (23:00-08:00) დასაშვებ ხმაურზე გადამეტების გამო მძღოლები 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდებიან.

🔴 თამბაქო და სიგარეტი
იზრდება იმპორტირებული სიგარეტის აქციზი, ხოლო ადგილობრივ წარმოებულზე მცირდება. ამასთან, თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზია სავალდებულო ხდება.

🔴 პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭელი
იკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. წესდება ფინანსური სანქციებიც.

🔴 შინაური ცხოველები
ამოქმედდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც ცხოველთა მოვლის, იდენტიფიკაციისა და ოპერაციების მკაცრ რეგულაციებს აწესებს.

🔴 სხვა ცვლილებები
ცვლილებები შეეხებათ ასევე:
• ვეტერინარებს – სერტიფიცირება სავალდებულო ხდება;
• არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს – სერტიფიცირება 2026 წლის შემოდგომიდან;
• გიდებს – სერტიფიცირების ვალდებულება 2026 წლის ივნისიდან;
• კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელ ბიზნესს – ახალი რეგულაციები 1-ლი იანვრიდან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading