აკუსტიკური იარაღის გამოყენების ფაქტზე ისრაელის მოქალაქე დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელის მოქალაქეს სახდელის სახით დაეკისრა 4000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.