ბედობის ტრადიცია საქართველოში
საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება. გავრცელებული რწმენის მიხედვით, როგორც ადამიანი ბედობის დღეს შეხვდება, მთელი წელიც სწორედ ისე ჩაივლის.
ბედობას საქართველოში 2 და 15 იანვარს აღნიშნავენ. ძველად ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების „დაბედების“ დღედ მიიჩნეოდა. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მოსახლეობა ტრადიციას დღემდე არ ღალატობს. მიაჩნიათ, რომ სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მათთვის მთელი წელი.
ძველად ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი მეკვლეს ირჩევდა. ოჯახები ცდილობდნენ, სახლიდან არ გასულიყვნენ და დღე ოჯახურ გარემოში გაეტარებინათ. გამონაკლისს მხოლოდ ბედობის მეკვლედ დაპატიჟება წარმოადგენდა.
სტუმრად მისული მეკვლე ლამაზად გამოწყობილი უნდა ყოფილიყო, ოჯახისთვის ტკბილეული მიერთმია და მხიარული განწყობა შეეტანა. ამ დღეს ოჯახებში არც სესხულობდნენ და არც ასესხებდნენ – ნივთის გასესხება ან ოჯახის ქონების განათხოვრება, რწმენის მიხედვით, იმედგაცრუებას უკავშირდებოდა.