პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე კოლეჯ „მოდუსის“ პროგრამამ „სკოლამდელი აღზრდა – აღმზრდელი“ წლის საუკეთესო პროგრამის ტიტული მოიპოვა
პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე კოლეჯ „მოდუსის“ პროგრამამ „სკოლამდელი აღზრდა – აღმზრდელი“ წლის საუკეთესო პროგრამის ტიტული მოიპოვა. აღნიშნული გამარჯვება პროფესიული განათლების სფეროში პროგრამის მაღალი ხარისხის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების აღიარებაა.
პროგრამა გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო მეთოდებითა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირებით. მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იტალიურ ორგანიზაცია Reggio Children-თან თანამშრომლობაა, რომლის მხარდაჭერითაც სასწავლო პროცესში დანერგილია ევროპული სტანდარტები და ბავშვზე ორიენტირებული განათლების მიდგომები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინოვაციური სასწავლო რესურსი – „ლეპბუქი“ – სწავლების პროცესს უფრო ეფექტიანსა და ინტერაქტიურს ხდის.
პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა მაღალი, დაახლოებით 80%-იანი დასაქმების მაჩვენებელი, რაც ადასტურებს, რომ კოლეჯი ამზადებს კონკურენტუნარიან და მოთხოვნად სპეციალისტებს.
პროგრამის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ პარტნიორებსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.
აღნიშნული გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯ „მოდუსის“ როლს პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის ამაღლებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.