პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ძირითადი მიზნები, განსახორციელებელი აქტივობები, ასევე, პროექტის მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენების პერსპექტივები ბათუმში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
სამუშაო შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, პროექტის ხელმძღვანელი, თურქეთის ლითონის მრეწველობის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანილ ოზგარი, სტამბოლის უნივერსიტეტისა და რუმინეთის საზღვაო კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის „გრიგორე ანტიპა“ ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ სამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტს „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ გარემოს ეროვნული სააგენტო სტამბოლის უნივერსიტეტთან და რუმინეთის საზღვაო კვლევისა და განვითარების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების მობილური მრავალსენსორული კვლევითი სადგურის შეძენა, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს ძირითადი პარამეტრების: ტემპერატურის, მარილიანობის, ჟანგბადის დონის და ზღვის ფსკერის მახასიათებლების უწყვეტ მონიტორინგს.
პროექტის ძირითადი მიზანია შავი ზღვის რეგიონში მობილური სადგურებიდან და არსებული ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის სტანდარტიზებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნა.




