პრემიერი: სრული პროფესორის მინიმალური ხელფასი 10,000 ლარი უნდა იყოს – განათლების რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტებში ძირითადი ბირთვი განისაზღვრება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და სისტემურ სტრუქტურას.

მისი თქმით, სრული განაკვეთით დასაქმებული სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10,000 ლარი, რაც მნიშვნელოვნად გადაჭარბებს დღეს არსებულ საშუალო ხელფასს (დაახლოებით 2,000 ლარი). ამასთან, პროფესორებს დაემატებათ დამატებითი ჰონორარები – სახელმძღვანელოების, სამეცნიერო სტატიებისა და სხვა აქტივობების მიხედვით.

„ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები… ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი უნდა იყოს დაფუძნებული სრულ განაკვეთზე დასაქმებულ კადრებზე. თითოეულ მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი სრული პროფესორი, რომელსაც გვერდში ეყოლება რამდენიმე ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი:

„ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2–3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი.“

რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, პრემიერის ხედვით, ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივად, უფრო დაბალი ანაზღაურებით, რათა ყურადღება გამახვილდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე, როგორც განათლების ხარისხის გარანტებზე.

ეს რეფორმა, კობახიძის თქმით, მიზნად ისახავს უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული სტრუქტურის გამჭვირვალობას, პროფესიული სტაბილურობის გაზრდას და განათლების ხარისხის ამაღლებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading